დიახ
არა
4 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის / ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე - „გაიცანი დამსაქმებელი“.
ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტებისთვის შრომის ბაზრისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების უკეთ გაცნობა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სფეროს კომპანიების წარმომადგენლები, რომლებმაც სტუდენტებს გაუზიარეს ინფორმაცია სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ, ასევე, ისაუბრეს იმ უნარებსა და მიდგომებზე, რომლებიც თანამედროვე სამუშაო გარემოში წარმატებისთვის აუცილებელია.
შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა, სადაც განიხილეს შემდეგი საკითხები: შრომის ბაზრის მოთხოვნები; თანამედროვე გამოწვევები დასაქმების პროცესში; წარმატებული კარიერისთვის საჭირო უნარები; ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობა გუნდურ მუშაობაში; ადაპტაციის უნარი ცვალებად გარემოში; უწყვეტი სწავლებისა და პროფესიული განვითარების მოტივაცია.
ღონისძიება გახსნა CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, ქეთევან ნანობაშვილმა, რომელმაც სტუდენტების პროფესიით სტაჟირებასა და დასაქმებაზე გაამახვილა ყურადღება.
დამსწრე საზოგადოებას, ასევე, მიმართა CIU-ს უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსმა, მარიამ ჯაჭვაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა მონაწილეებს და ხაზი გაუსვა მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობას სტუდენტების კარიერული განვითარებისთვის.
შეხვედრის დასასრულს, კომპანიებთან სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივა დაისახა.