დიახ
არა
21 მარტს, კარიერული განვითარების სამსახურისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, კარიერის კვირეულის ფარგლებში მორიგი ღონისძიება გაიმართა.
თემაზე - „როგორ გავხდე იურისტი საჯარო სექტორში?“ - კსუ-ს სტუდენტებს, თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ჭურღულია შეხვდა.
მომხსენებელმა აუდიტორიას სამსახურის ფუნქციები და ძირითადი მიმართულებები გააცნო. ასევე, ისაუბრა სტუდენტთა აქტივობაზე, დამამთავრებელი კურსის სტუდენტების თბილისის მერიაში მიმდინარე სტაჟირებებსა და ზოგადად, საჯარო სამსახურში დასაქმების კრიტერიუმებზე.
„იდეალური საჯარო სამსახური არ არსებობს, თუმცა იდეალურთანაა მიახლოებული ისეთი სამსახური, რომელიც ორიენტირებულია მოქალაქეებისთვის მაქსიმალური სერვისების მიწოდებაზე. მთავარი პრიორიტეტი საჯარო სამსახურში დასაქმების დროს უნდა იყოს კეთილსინდისიერება და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით საერთო სიკეთის მიღებისკენ სწრაფვა. საჯარო მოხელეს ჯერ აქვს ვალდებულება და შემდეგ გარკვეული უფლება“ - განაცხადა დავით ჭურღულიამ.
აღსანიშნავია, რომ კარიერის კვირეული 5 თემატურ ღონისძიებას ითვალისწინებს, რომელიც სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს კონკრეტული სპეციალობის არჩევასა და კარიერულ დაგეგმარებაში ეხმარება.